თინა ბოკუჩავა - ეს ხელისუფლება რომ დასრულდება, დემოკრატიული მთავრობა სასამართლოში ძირეულ რეფორმას განახორციელებს
ამ პარლამენტს მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთის შესრულება შეუძლიათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, მოქმედი ხელისუფლების „დასრულების შემდეგ ქვეყანა მიღებს დამოუკიდებელ სასამართლოს“.
„ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ასეთი იყო პოლიტიკური დაკვეთა. ამ პარლამენტმა არა ერთხელ დაამტკიცა, რომ ისინი შინაგანი რწმენით გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებულნი არიან. მათ მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთის შესრულება შეუძლიათ და დღეს, ასეთი პოლიტიკური დაკვეთით აირჩიეს მონური მორჩილების მქონე მოსამართლეები ქვეყნის უზენაეს სასამართლოში უვადოდ. ამით ქვეყანას წაართვეს დამოუკიდებელი სასამართლოს პერსპექტივა დიდი ხნით. დარწმუნებული ვარ, ეს ხელისუფლება რომ დასრულდება, დემოკრატიული მთავრობა განახორციელებს ძირეულ რეფორმას სასამართლოში და ქვეყანა მიიღებს დამოუკიდებელ სასამართლოს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყარეს კენჭი. პარლამენტმა წარდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი დაუჭირა 14 მათგანს, ხუთი კანდიდატს კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე უარი ეთქვა.