თინა ბოკუჩავა - „დემოკრატიის ფესტივალის“ წალენჯიხაში ჩატარება სიმბოლურია მაშინ, როცა ქვეყანას სჭირდება ერთიანობა, ხალხთან ვართ და ვმსჯელობთ, როგორ გადავარჩინოთ დემოკრატია, ევროატლანტიკური კურსი
ჩვენ ვიმყოფებით დემოკრატიულ ფესტივალზე წალენჯიხაში, რათა ერთიანობით წალენჯიხელებთან, სამეგრელოსთან, მთელ საქართველოსთან ერთად გავიმარჯვოთ და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, „დემოკრატიის ფესტივალის“ წალენჯიხაში ჩატარება სიმბოლური და მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება ერთიანობა.
„ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია და დარწმუნებული ვარ, სწორედ ერთიანობით დავძლევთ იმ დაპირისპირებას და ძალადობას, რასაც ივანიშვილი და მისი პარტიის წევრები ქადაგებენ. „დემოკრატიის ფესტივალის“ სწორედ აქ, წალენჯიხაში, სამეგრელოში ჩატარება ძალიან სიმბოლურია და მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთიანობა. მაშინ, როდესაც ივანიშვილის პარტია ქადაგებს დაპირისპირებას, ჩვენ ვხედავთ, რომ ერთიანობით, მათ შორის, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ვართ ხალხთან, ვართ საქართველოს მოქალაქეებთან და ვმსჯელობთ, როგორ გადავარჩინოთ დემოკრატია და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.