თინა ბოკუჩავა - ცვლილებების დროა და დიახ, ამ ცვლილებების ავანგარდში იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი
ცვლილებების დროა და დიახ, ამ ცვლილებების ავანგარდში იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქვეყანაში შესაძლო დაბრუნების შესახებ მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.
ბოკუჩავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ რვა წლის შემდეგაც ყოფილ პრეზიდენტს სიძულვილით იხსენებს.
„ვხედავ, გულზე მოგხვდათ მიხეილ სააკაშვილის ბოდიში. პუტინის პაიკები დღეს გავეშებულნი საუბრობთ ყოველ მეორე გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილზე. რვა წლის თავზე, თქვენი ხელისუფლების ბოლო წელს, ვისმენთ აბსოლუტურად იგივეს. ვერ ინელებთ მიშას გულწრფელობას, რადგან თავად არ გძალუძთ გულწრფელობა, ვერ ინელებთ მიშას აღმშენებლობას, რადგან თავად აღმშენებლობის უნარი არ გაგაჩნიათ. ვერ ინელებთ მიშას ხედვას უკეთესი საქართველოსი, რადგან თავად არანაირი ხედვა არ გაქვთ, სიძულვილის, ღვარძლის, შურისა და ბოღმის გარდა. რვა წლის თავზე და თქვენი ხელისუფლების დასასრულს ვისმენთ ზუსტად იგივეს, რასაც ვისმენდით 2012 წლის დეჟავიუდ ქცეულ საპარლამენტო სხდომებზე. ტრიალებთ სიძულვილით და ზიზღით უსასრულო და მანკიერ წრეზე, რომლითაც ხალხი დაიღალა. ქვეყანაში, სადაც ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბეშია და რეგიონში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობს, მილიარდერი ივანიშვილის რეჟიმი ხალხს სიძულვილით კვებას სთავაზობს. ცვლილებების დროა და დიახ, ამ ცვლილებების ავანგარდში იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი. ამას ვერ ინელებთ და ამიტომ ახსენებთ მას ასე სიძულვილით აღვსილნი რვა წლის თავზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულება ელოდება.