თინა ბოკუჩავა - არ შეგეშინდეთ შანტაჟისა და მუქარის
თინა ბოკუჩავა - არ შეგეშინდეთ შანტაჟისა და მუქარის

არჩევნებამდე ორი დღით ადრე შევიკრიბეთ სწორედ აქ, თქვენთან ერთად, ბაგრატის ტაძართან, რომელიც არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო, რათა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთმანეთს – როდესაც ვერთიანდებით, ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებთ და ასე გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ერთგულია.

„მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც თავისი სიცოცხლე მიუძღვნა საქართველოს, რომელსაც ქვეყნის აღმშენებლობისთვის დევნიან და რომელსაც სულ მალე ჩვენ ერთიანობით აუცილებლად გავათავისუფლებთ. დღეს ბაგრატის ტაძარი ჩააქრო ხელისუფლებამ. ხელისუფლებამ, რომელმაც ჩააბნელა მთელი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ გავანათებთ მთელ ქვეყანას მიხეილ სააკაშვილთან, თქვენთან ერთად.

12 წლის მანძილზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ იყო ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი ფრონტი და სულ ორ დღეში, 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ გახდება დიდი ეროვნული გამარჯვების მთავარი მედროშე. ჩვენ არასოდეს გვითამაშია ივანიშვილის თამაშები, ჩვენ გვახასიათებს ერთგულება, ჩვენ არ გვჩვევია პირფერობა. დიახ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება მიხეილ სააკაშვილის ერთგული და, რაც მთავარია, თითოეული ჩვენგანისთვის, ერთგული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების.

ამ კამპანიამაც გვაჩვენა, რომ ყველაზე მწირი რესურსით, დატყვევებული ლიდერით და ხელისუფლების მხრიდან ყველაზე მძიმე წნეხით მაინც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, მაინც თქვენ, მაინც 5 ნომერი არის მთავარი წინააღმდეგობის ფრონტი. ასე იყო 12 წელი, ასეა დღეს და ასე იქნება 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე, როდესაც ერთიანობით ვამარცხებთ „ოცნებას“.

ამ კამპანიაში ჩვენ არ გვივლია აკვარიუმით, ჩვენ არ დაგვიდგამს ძვირადღირებული მეგაშოუები, ჩვენ გავმართეთ ხალხმრავალი შეკრებები საქართველოს ქალაქების ცენტრალურ უბნებსა თუ ქუჩებში ხალხთან ერთად და ხალხის პირისპირ. დღეს კი, ისტორიულ არჩევნებამდე ორი დღით ადრე შევიკრიბეთ აქ, ბაგრატის ტაძართან, როგორც ყველაზე დიდი ქრისტიან-დემოკრატიული ევროპული ოჯახის წევრი პოლიტიკური პარტია, რომელიც პატივს სცემს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს და სწორედ ჩვენი ისტორიის და ეროვნული იდენტობის დაცვით ისწრაფვის ევროპისკენ. არჩევნებამდე ორი დღით ადრე შევიკრიბეთ სწორედ აქ, თქვენთან ერთად, ბაგრატის ტაძართან, რომელიც არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო, რათა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთმანეთს – როდესაც ვერთიანდებით, ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებთ და ასე გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, „26 ოქტომბერს იმარჯვებს ერთიანი, ძლიერი, ევროპული საქართველო“.

„ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო, მინდა, მივმართო თითოეულ თქვენგანს – არ შეგეშინდეთ შანტაჟის და მუქარის, არ შეგეშინდეთ მისი რუსული რეპრესიების და რეიდების, რომელსაც დღესაც აწყობს ადამიანების სახლებში და ოჯახებში. არ დათმოთ თქვენი პირადობები, არ დათმოთ თქვენი ხმა, არცერთი წამი არ დაიჯეროთ, რომ ვინმე ხედავს, რა არჩევანს აკეთებთ თქვენ. თქვენ თქვენს არჩევანთან ხართ მარტო, ხართ და მარტო თქვენს ხელთ არის ქვეყნის გადარჩენის გასაღები. დიახ, ყველაზე ძვირფასი და ყველაზე ძლიერი იარაღი ქვეყნის გადასარჩენად არის საარჩევნო ბიულეტენი. 26 ოქტომბერს ივანიშვილი იბრძვის საკუთარი ფულისთვის, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის და ამ მართალ ბრძოლაში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად!

ეს არის ბოლო შანსი, ისტორიული არჩევანი დავუბრუნოთ ჩვენს ქვეყანას და დავუბრუნდეთ ევროპული განვითარების გზაზე; ეს არის ბოლო შანსი, ვიხსნათ საქართველო საერთაშორისო იზოლაციისგან, სანქციებისგან, სიღატაკისგან, შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და მოვიპოვოთ მილიარდობით ევრო ევროკავშირისგან ჩვენი ქვეყნის და საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის.

ამ რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებზე თითოეულ ხმას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. 26 ოქტომბრის არჩევნებზე ყველა ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით და დიდი დამაჯერებლობით უნდა გავიმარჯვოთ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას ითხოვს ქართველებისგან. აქაც, ბაგრატის წინ, ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოს წინ, ქუთაისიდან, მინდა, გავაგონო თქვენი ხმა, რომ საქართველო ბოდიშს მტრის წინაშე არ იხდის! არ გაფლანგოთ არცერთი ხმა პარტიებზე, რომლებმაც, შესაძლოა, ვერ გადალახონ საარჩევნო ბარიერი. 12 წლის მანძილზე „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენა, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა ივანიშვილის წინააღმდეგ. 26 ოქტომბერს სწორედ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, სწორედ 5 ნომერი ამარცხებს „ოცნებას“, ასე რომ, გავაფერადოთ 5 ნომერი, ავირჩიოთ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და გავიმარჯვოთ სახელოვნად! „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე მყარი და საიმედო გარანტი ჩვენი ქვეყნის გამარჯვების და ივანიშვილის მოშორების ხელისუფლებიდან. გავაფერადოთ 5-იანი, ავირჩიოთ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“. ერთიანობით ვიმარჯვებთ, ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია! ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.