თინა ბოკუჩავა - აგვისტოს ომის საკითხს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვა წერტილი ჰააგის სასამართლომ, რომელმაც თქვა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და მას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები
ომის საკითხს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვა წერტილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც არის ყველაზე მაღალი სამართლებრივი ინსტანცია და გადაჭრით თქვა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და სწორედ რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, „ცრუ შიშებზე პედალირებით, რამენაირად შეინარჩუნოს ხელისუფლება“.
„ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან მუდმივი პედალირება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ცრუ ნარატივებით საქართველოს უახლესი ისტორია რუსულად გადაწეროს, გაიმეოროს პუტინის ნარატივები და, ცრუ შიშებზე პედალირებით, რამენაირად შეინარჩუნოს ხელისუფლება“ – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავას თქმით, ოქტომბერში ქართველი ხალხი ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებს და პროპაგანდას არ წამოეგება.
„26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერით კი არა, მოქალაქეების წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრით იქნება დაკავებული“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.