თინა ბოკუჩავას ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს [ვიდეო]
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბანი დაატოვებინეს.
როგორც ჟურნალისტებს ბოკუჩავამ განუცხადა, მას განუმარტეს, რომ საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა, თუმცა მას ეს უფლება აქვს, რადგან პარლამენტის წევრია. მისი თქმით, მას საარჩევნო უბანი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
დეპუტატი აცხადებს, რომ მას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ ქონდა და სააარჩევნო უბანზე მართვის მოწმობით იმყოფებოდა.
„საუბნო კომისიის წევრები კანონს აშკარად არ იცნობენ, გამოიძახეს პოლიცია და გადაწყვიტეს, რომ იქედან გამოვეგდე. მათ საქართველოს მოსახლეობა გაყრის.
საარჩევნო უბანზე ჩემი არა ერთი კოლეგა მართვის მოწმობის გამოყენებით შევიდა, როგორც დამკვირვებელი და არა ხმის მიმცემი, რადგან საჭიროა პასპორტი ან პირადობა. მიზეზად სისულელეები მითხრეს. ეს კომისია გაღიზიანდა, რადგან აქ ვიყავი, როცა ჟურნალისტზე ძალადობისთვის ორი ადამიანი დააკავეს. ჩემმა გამოჩენამ მათში არნახული გაღიზიანება გამოიწვია, რასაც პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის წინააღმდეგ ასეთი ძალადობა მოჰყვა. დრო არ მაქვს, წავიდე და გავესინჯო, თორემ, დარწმუნებული ვარ, გარკვეული დაზიანებები მაქვს, რადგან ათი კაცი მეჭიდავებოდა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შესაბამის ვიდეომასალას „პალიტრა ნიუსი“ ავრცელებს.