გაერთიანებული ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ 16 დეკემბერს აქცია თელავში გაიმართოს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის აქციის ჩატარების ერთ-ერთ ადგილად თელავიც განიხილება, – ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია გადაწყვეტილებას კონსულტაციების შედეგად მიიღებს.
„ეს არის ფართო პოლიტიკური ერთობა, რომელიც გაერთიანებულია გრიგოლ ვაშაძის გარშემო. გადაწყვეტილება ასეთ ფორმატში მიიღება. აქციასთან დაკავშირებით გაგრძელდება კონსულტაციები, შევარჩევთ ისეთ ადგილსა და ფორმატს, რომელიც ყველაზე ეფექტური და სწორი იქნება ქვეყნისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აღნიშნა, აქციის ჩასატარებლად კონსულტაციები გრძელდება და ყველა ფორმატი განიხილება.
„ვადასტურებ, რომ 16 დეკემბრის აქციისთვის ბევრი სხვადასხვა ლოკაცია, ბევრი სხვა ქალაქი და ბევრი სხვა ფორმატი განიხილება. იმისთვის, რომ ჩვენი გზავნილი ხელისუფლებას ყველაზე ეფექტურად, ყველაზე ნათლად, მტკიცედ და გარკვევით მივაწვდინოთ. ამაზე მეტის თქმა ნამდვილად არ შემიძლია. ჩვენს გზავნილში არ ვგულისხმობ ჩემი ან რომელიმე ცალკეული პარტიისა თუ საპრეზიდენტო კანდიდატის გზავნილს.
ჩვენს გზავნილში ვგულისხმობ იმ 800 ათასი ამომრჩევლის გზავნილს, რომელმაც მიუხედავად ზეწოლის, მოსყიდვისა და გაყალბებისა, მხარი მაინც გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭირა. ეს ამომრჩევლების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობაა. “ქართულმა ოცნებამ” დაახლოებით იგივე რაოდენობის ხმები მოიპოვა, როდესაც 2016 წელს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა გაიფორმა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.