თინა ბოკუჩავა - 26 ოქტომბერი არის შანსი, უარი ვთქვათ გაჭირვებაზე და ავირჩიოთ ევროპული კეთილდღეობა
ბიძინა ივანიშვილის მონოპოლიის გამო საქართველოში ფასები ხელოვნურად გაზრდილია, ადამიანები იძულებული არიან, მედიკამენტებისა თუ საკვების შესაძენად თურქეთში გადავიდნენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სარფის საბაჟო პუნქტთან გამართული ბრიფინგისას განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს თითოეული მოქალაქე სწორ არჩევანს გააკეთებს და უარს ეტყვის იმ გაჭირვებას, რომელსაც ჩვენ ყველგან ვხედავთ.
„სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან არის უზარმაზარი რიგი, არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ არის გაცილებით დიდი რიგები, რასაც იწვევს გაჭირვება, სიღატაკე, სიდუხჭირე, რასაც ადამიანები ებრძვიან და იძულებულები არიან, გადავიდნენ თურქეთში მედიკამენტებზე, საკვებ პროდუქტებზე. იგივე ხდებოდა ცოტა ხნის წინ, როდესაც ვიყავი ვალეში, ახალციხეში, სადაც საზღვარზე უამრავი ადამიანი გადადის თურქეთში პირველადი მოხმარების პროდუქტების საყიდლად. საქართველოში არის ხელოვნურად გაზრდილი ფასები იმ მონოპოლიების გამო, რომლებიც შექმნა ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ, სადაც ეკონომიკა მუშაობს მხოლოდ მასზე და მის გარემოცვაზე.
ყველა, ვისაც ვხვდებით, გვეუბნებიან, რომ 26 ოქტომბერი არის შანსი, ვთქვათ უარი ამ სიღატაკეზე, რომელიც გამოიწვია ივანიშვილის პოლიტიკამ და მოვიპოვოთ კეთილდღეობა ევროპაში. ეს არის რეალურად ის არჩევანი, რომელზეც ყველა საუბრობს, ვისაც აქვთ ცვლილებების შანსი და ვისაც ძალიან კარგად ესმით, რომ ეს ცვლილებები ჩვენ შეგვიძლია მოვიტანოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობით. არჩევანი არის ნათელი – ევროპული კეთილდღეობა ან სიღატაკე იზოლაციაში. დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს თითოეული მოქალაქე სწორ არჩევანს გააკეთებს და უარს ეტყვის იმ გაჭირვებას, რომელსაც ჩვენ ყველგან ვხედავთ“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.