თინა ბოკუჩავა - 2 მარტის საპროტესტო ღონისძიებაზე ე.წ. დეპუტატები იძულებული გახდებიან, გადმოსხდნენ ძვირად ღირებული მანქანებიდან, რადგან ვაპირებთ, პროტესტი საავტომობილო გზაზე გამოვხატოთ 
თინა ბოკუჩავა - 2 მარტის საპროტესტო ღონისძიებაზე ე.წ. დეპუტატები იძულებული გახდებიან, გადმოსხდნენ ძვირად ღირებული მანქანებიდან, რადგან ვაპირებთ, პროტესტი საავტომობილო გზაზე გამოვხატოთ 

დღევანდელი შეხვედრის ძირითადი ნაწილი 2 მარტის საპროტესტო ღონისძიების დაგეგმვას დაეთმო, რომელიც გაიმართება პარლამენტის შენობასთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „აქციის მონაწილეები ე.წ. დეპუტატებს გადაადგილების თავისუფლებას არ შეუზღუდავენ“.

„შეხვედრაზე ძირითადად განვიხილეთ სამშაბათის საპროტესტო ღონისძიება, რომელიც ჩატარდება საქართველოს პარლამენტის შენობასთან. აქცია მიზნად არ ისახავს ე.წ. დეპუტატების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას საფეხმავლო ნაწილზე. ისინი იძულებული გახდებიან, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ფონზე, გადმოსხდნენ საკუთარი ძვირად ღირებული მანქანებიდან, რადგან საავტომობილო გზაზე ვაპირებთ, გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი მშვიდობიანი გზით. შემდეგ ასევე იქნება აქციები კანცელარიასთან ისევე, როგორც სასამართლოსთან, პოლიციის შენობასთან. თუმცა დღევანდელი შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო სწორედ უახლოესი აქციის, ანუ სამშაბათის აქციის დაგეგმვას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.