ტიმოთესუბნის ტაძრის ინტერიერში ჩაშენებულ კარადას მოხსნიან
ტიმოთესუბნის ტაძრის ინტერიერში ჩაშენებულ კარადას მოხსნიან

ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალური ტაძრის ინტერიერში მოწყობილი საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსო მოიხსნება. ადგილობრივ სასულიერო პირებსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც სახელმწიფო უწყების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, საკულტო ნაგებობაში მოეწყობა ახალი, იდენტური დანიშნულების მქონე ხის კონსტრუქცია, რაც ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურული იერსახის შესაბამისი იქნება.

ახალი ობიექტის ვიზუალური ფორმის შეთანხმების პროცესში ტომოთესუბნის რელიგიურ მსახურებთან ერთად ეპარქიის მღვდელმთავარიც ჩაერთვება, რომელიც ტაძარში ამ დრომდე განხორციელებული შეუთანხმებელი ქმედების შესახებ ინფორმირებული არ იყო.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მათი ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების ვიზიტისას დადგინდა, რომ ინტერიერში საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსოს მოწყობას ძეგლის ფიზიკური დაზიანება არ გამოუწვევია, რაც სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის აუცილებლობას არ წარმოშობს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსზე უნებართვო ქმედება გამოვლინდა. სააგენტოს ინფორმაციით, საზოგადოების რიგითი წევრების მიერ მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა. ტიმოთესუბნის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იერომიელი ტაძრის ტერიტორიაზე ჩაშენებული კარადის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კარადა რამდენიმე წელია, ამ ადგილზე იდგა.