The Times - შვედეთის მოსახლეობას დაურიგდება ბუკლეტები, როგორ უნდა იმოქმედონ ომის შემთხვევაში
შვედეთის ხელისუფლება მოქალაქეებს დაურიგებს ბუკლეტებს ინსტრუქციით, როგორ უნდა იმოქმედონ ომის დაწყების შემთხვევაში.
როგორც ბრიტანული გამოცემა The Times-ი წერს, რუსეთის აგრესიის საფრთხის ფონზე, შესაბამისი ინსტრუქციები შვედეთში 4,7 მილიონ ოჯახს დაურიგდება.
დოკუმენტი სახელწოდებით „თუ ომი დაიწყება“, შვედეთში 1943-1961 წლებში გამოიცემოდა. ბროშურის გამოცემა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს შეწყდა. თუმცა ახლა, მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში დადგა ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების საკითხი, შვედეთის ხელისუფლებამ ომის დროს მოქმედების ინსტრუქციის დარიგების განახლება გადაწყვიტა.
შვედეთის სამოქალაქო თავდაცის სამსახურის უფროსის, კრისტინა ანდერსონის თქმით, მოქალაქეები ბუკლეტებს ივნისისთვის მიიღებენ.
დოკუმენტი შეიცავს რჩევებს იმის შესახებ, როგორ უნდა მოიქცე ტერაქტებისა და კიბერთავდასხმების შემთხვევაში, ასევე ინფორმაციას სამხედრო მოქმედებების შესახებ და რჩევებს, სად და როგორ უნდა მოიმარაგო საკვები, წყალი და საწვავი. კრისტინა ანდერსონი განმარტავს, რომ მთავრობამ აღნიშნული ინსტრუქციების გამოქვეყნების გადაწყვეტილება რეგიონში გამწვავებული ვითარების გამო მიიღო, კერძოდ, რუსეთის გახშირებული სამხედრო სწავლებების გამო.
„კონფლიქტისთვის მზად მხოლოდ ჯარი კი არა, მთელი საზოგადოება უნდა იყოს. ჩვენ არ გამოგვიყენებია სიტყვები „ტოტალური თავდაცვა“ ან „მზადყოფნა“ უკვე 25-30 წელია და ბევრმა მოქალაქემ ამის შესახებ პრაქტიკულად არაფერი იცის. წარსულში ბუკლეტი მხოლოდ სამხედრო მოქმედებებს ეძღვნებოდა. ახლა ჩვენ უფრო რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ – ტერაქტები, პანდემიები, ინფორმაციით მანიპულირება. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა გააკეთოს“, – განაცხადა ანდერსონმა.
დეკემბერში თავდაცვის საკითხებში შვედეთის კომისიამ თავდაცვის საკითხებში განაცხადა, რომ შვედეთზესამხედრო თავდასხმა გამორიცხული არ არის.