The Times-ის ინფორმაციით, არასრულწლოვანი ლტოლვილების სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაცია გაერო-ს 2001 წელს ჰქონდა
დასავლეთ აფრიკაში ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან არასრულწლოვანი ლტოლვილების სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაცია გაერო-ს 2001 წელს ჰქონდა, – ამის შესახებ The Times-ი იუწყება.
ბრიტანული გამოცემის ცნობით, გაერო-მ Save the Children-თან ერთად, 2001 წელს 40-ზე მეტი ჰუმანიტარული ორგანიზაციის შესახებ ანგარიში მოამზადა, რომელიც დღემდე არ გამოქვეყნებულა.
მასში 40-ზე მეტი ორგანიზაციაა ნახსენები, მათ შორის არიან „ექიმები საზღვრების გარეშე“ და გადარჩენის საერთაშორისო კომიტეტი. ანგარიშში თავად Save the Children-ი და გაეროც ფიგურირებენ.
როგორც დოკუმენტშია განმარტებული, ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან, დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ხშირად ადგილი ჰქონდა სექსუალურ შევიწროებას.
დოკუმენტის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ აღნიშნული საქმის გამოძიება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან მათ მიერ შეგროვებული მასალა საგანგაშოდ დიდ რიცხვებს შეიცავს, თუმცა ინფორმაციის დიდი ნაწილი დაუდასტურებელია.
ანგარიშის ავტორებმა გაერო-ს მაღალჩინოსნებს საქმის ფიგურანტი 67 პირის კონფიდენციალური სიაც გადასცეს. რის შემდეგაც 10 პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა ბრალი არცერთ მათგანს არ წარუდგინეს. სწორედ ამიტომ დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საქმე ორგანიზაციაში დეტალურად უნდა შეისწავლონ.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია