ტიმ ვოლცი - ტრამპს თუ ექნება დაბრუნების შანსი, ის ზუსტად იქიდან გააგრძელებს, სადაც ოთხი წლის წინ შეჩერდა, ამჯერად ეს ბევრად უარესი იქნება
მინესოტის შტატის გუბერნატორმა, ტიმ ვოლცმა, რომელიც კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა, დონალდ ტრამპს და ჯეიმს დევიდ ვენსს „შემზარავი ბიჭები“ უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისის მიერ საპრეზიდენტო რბოლაში თავის პარტნიორად დასახელების შემდეგ, პირველი საჯარო გამოჩენისას ტიმ ვოლცმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატსა და მის მიერ დასახელებულ პარტნიორზე მკაცრი კრიტიკული განცხადება გააკეთა.
„უბრალოდ უნდა ვთქვა. თქვენ იცით ეს. გრძნობთ ამას. ეს ბიჭები შემზარავები და, დიახ, უბრალოდ უცნაურები არიან. ეს არის ის, რასაც თქვენ ხედავთ. თუ ტრამპს ექნება დაბრუნების შანსი, ის ზუსტად იქიდან გააგრძელებს, სადაც ოთხი წლის წინ შეჩერდა. ოღონდ ამჯერად ეს ბევრად, ბევრად უარესი იქნება“, – განაცხადა ტიმ ვოლცმა.
მინესოტის გუბერნატორი ამტკიცებს, რომ ვენსი იზიარებს ტრამპის საშიშ და ჩამორჩენილ დღის წესრიგს. ვოლცის თქმით, მოუთმენლად ელოდება ვენსთან დებატებს.