თინა ბოკუჩავა - „ქართული ოცნებას“ სჭირდება მორჩილი მოსამართლე, პროკურორი, პოლიციელი, მინისტრი, დეპუტატი, რათა მონურად შეასრულონ დაკვეთები
თინა ბოკუჩავა - „ქართული ოცნებას“ სჭირდება მორჩილი მოსამართლე, პროკურორი, პოლიციელი, მინისტრი, დეპუტატი, რათა მონურად შეასრულონ დაკვეთები

„ქართულ ოცნებას“ სჭირდება მონური სასამართლო, რომ სამარცხვინო მოსამართლეების გამოყენებით, თადუმაძით დაწყებული, ვასაძით დამთავრებული, გამოიყენონ, რათა მოიპარონ არჩევნები, –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მთავრობა გადასულია რეპრესიებზე, დაჭერებზე და ამისთვის სჭირდება სწორედ მონურ მორჩილებაში მყოფი სასამართლო.

„როგორც მოსალოდნელი იყო გაიყვანეს კლანი, პროტესტის ფონზე, ადამიანების დაკავების ფონზე, რადგან იმ წუთებში, როდესაც ცირკს მართავდა ანრი ოხანაშვილი, დააკავეს 10 ადამიანი, მშვიდობიანი პროტესტანტები, მათ შორის გიორგი ვაშაძე, გურამ ჩალაგაშვილი და სხვა აქტივისტები. „ქართულ ოცნებას“ სჭირდება მონური სასამართლო, რომ სამარცხვინო მოსამართლეების გამოყენებით, თადუმაძით დაწყებული, ვასაძით დამთავრებული, რომელიც უნდა გამოიყენოს ბიძინა ივანიშვილმა, რათა მოიპაროს არჩევნები. პოლიტიკური ფასი იქნება ძალიან მაღალი, რადგან სამართლიანი სასამართლო იყო ყველაზე ფუნდამენტური დაპირება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გასცა საზოგადოებაზე და ეს ყველაზე ფუნდამენტური დაპირება მოიპარა ივანიშვილმა ოხანაშვილის გამოყენებით, ძალადობის, ჟურნალისტების ცემის და ადამიანების დაკავების ფონზე. თუ რაიმე მანკიერება არსებობდა სასამართლო სისტემაში, ყველა ადამიანი, დღეს უვადოდ გაამწესა უზენაეს სასამართლოში იურიდიულ საქმეთა კომიტეტმა და სავარაუდოდ იმავეს გააკეთებს პლენარულ სხდომაზე. ამიტომ, ეს არის ის ორმაგი სტანდარტი, ის ტყუილი ადამიანებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, რადგან მათ არ გააჩნიათ ღირებულებები, მათ სჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ მორჩილი მოსამართლე, პროკურორი, პოლიციელიც, მინისტრიც, პარლამენტის წევრიც, რათა მონურად შეასრულონ ივანიშვილის ყველა დაკვეთა“, – განაცხადა თინა ბოკიჩავამ.