ლონდონის “ჩელსის” მეკარემ ტიბო კურტუამ შესაძლოა, უახლოეს მომავალში კლუბი შეიცვალოს. Evening Standard-ის ინფორმაციით, ბელგიელს ესპანეთში გადასვლა სურს ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე. საქმე ისაა, რომ კურტუას ორი შვილი მადრიდში იზრდება და მეკარეს მათთან უფრო მეტი დროის გატარება სურს. “ჩელსი” აპირებს ბელგიელთან კონტრაქტის გაგრძელებას, მაგრამ კურტუას ძალიან უნდა ესპანეთში დაბრუნება.
“ყველასთვის ცნობილია, რომ ჩემი პირადი სიტუაციის გამო, ესპანეთი თავისთან მიზიდავს. ასე რომ, იქ გადასვლა აუცილებლად შედგება. “ჩელსიში” ყველაფერი მომწონს. მინდა, უბრალოდ, გადავდო მოლაპარაკებები კონტრაქტის გაგრძელებაზე, რადგან წინ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩია და მათზე კონცენტრირებაა საჭირო”, – ამბობს სპორტსმენი.
24 წლის ბელგიელი “ჩელსიში” კვირაში 113 ათას ევროს გამოიმუშავებს. მედია მუდმივად წერს მადრიდის “რეალის” მხრიდან ინტერესზე.