„თიბისი დაზღვევის“ ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ავთო წერეთლის 17 მილიონამდე სესხის ოფშორულ კომპანიაზე გადაფორმების პროცესში შუამავალი იყო
„თიბისი დაზღვევის“ ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ავთო წერეთლის 17 მილიონამდე სესხის ოფშორულ კომპანიაზე გადაფორმების პროცესში შუამავალი იყო

„თიბისი დაზღვევის“ ხელმძღვანელმა პაატა ღაძაძემ დაადასტურა, რომ 2008 წელს, ავთო წერეთლის 17 მილიონამდე სესხის ოფშორულ კომპანიაზე „მარტელო გრუპზე“ გადაფორმების პროცესში, ის შუამავლის როლს ასრულებდა.

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთო წერეთლის საქმეზე პაატა ღაძაძე მოწმის სტატუსით იკითხება.

როგორც მან განაცხადა, 2008 წლის ომის შემდეგ, ავთო წერეთლის სესხის ბალანსს გარეთ გატანა სხვა მსესხებლების სესხების მსგავსად მოხდა, რაც ქვეყანაში არსებულ ვითარებას უკავშირდებოდა. მისი განმარტებით, ბალანსს გარეთ სესხის გატანა არ ნიშნავს, რომ მსესხებელს ვალდებულება ეხსნება.

ამასთან, პაატა ღაძაძის თქმით, გადავადებების პროცესით ისარგებლა ბევრმა მსესხებელმა. მისი თქმით, ავთო წერეთელი, როგორც მისი დიდი ხნის ბიზნესპარტნიორი, დაუკავშირდა და სთხოვა, ყოფილიყო მისი წარმომადგენელი ისრაელურ კომპანია „მარტელო გრუპთან“, რომელიც მის ვალდებულებებს გადაიბარებდა.

პაატა ღაძაძე იხსენებს, რომ აღნიშნული კომპანიის ვალდებულებების შესრულების დრო რომ დადგა, სესხის დაფარვის მიზნით, 36 ათასი დოლარი მას ავთო წერეთელმა მისცა, ეს თანხა კი „მარტელო გრუპის“ ანგარიშზე ჩარიცხა.

ამის შემდეგ, ღაძაძის თქმით, არ იცის, როგორ განვითარდა მოვლენები, რადგან ბანკიდან წავიდა. რაც შეეხება სადავო ტრანზაქციას, რომლის საფუძველზეც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი აქვთ წარდგენილი ავთო წერეთელთან ერთად, ღაძაძის თქმით, ამის შესახებ გასულ წელს ჟურნალისტებისგან გაიგო.

„ომის პერიოდში არაორდინალური სესხები ძალიან ბევრი იყო. ამ პერიოდში იყო თავდებებიც. ბევრი კომპანია დადიოდა საქართველოში, რაც ბუნებრივი პროცესია პოსტომის პერიოდში. ბატონმა ავთო წერეთელმა, რომელიც ჩემი ძალიან დიდი ხნის პარტნიორია, მთხოვა და ჩათვალა, რომ მე შემეძლო საბანკო წესების დაცვით, ერთ-ერთ კომპანიასთან მისი წარმომადგენლის სტატუსით დაკავშირება, თავდებობის მიზნით. ამ კომპანიის ქონებასთან დაკავშირებით არ მქონდა ინფორმაცია“, – განაცხადა პაატა ღაძაძემ.

მისივე თქმით, ფულის გათეთრების შესახებ არაფერი იცის, ხოლო  „სამგორი ჯგუფი“ „თიბისი ბანკის“ მსესხებლების ტოპ 20-ეულში შედიოდა და მისთვის 17 მილიონის გაცემა განსაკუთრებული დატვირთვის არ ყოფილა.

პაატა ღაძაძის სახელი პროკურატურაში გასული წლის 28 თებერვლის განცხადებაში გამოჩნდა. საგამოძიებო უწყების 2019 წლის 28 თებერვლის ბრიფინგზე ითქვა, რომ სწორედ პ.ღ. იყო იმ ოფშორული კომპანიის მინდობილი პირი, რომელსაც ბანკიდან გასესხებული 17 მილიონის დაბრუნებაზე წინასწარი შეთანხმებით ვალდებულებები გაუფორმეს და რომელიც ამ დრომდე ბანკის მოვალეა. გამოძიების ინფორმაციით, პაატა ღაძაძე 17 მილიონის გასესხების დროს ბანკის საკრედიტო კომისიის წევრი იყო, შემდეგ კი მაღალ მენეჯერულ პოზიციას იკავებდა. ამ დროისათვის ღაძაძე „თიბისი დაზღვევას“ ხელმძღვანელობს.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.

საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 27 აგვისტოს შეუფარდა.