„თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა 12 მარტს გადაიხადა
„თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა, 1.1 მილიონი ლარი 12 მარტს გადაიხადა. ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ წლიურ ანგარიშშია საუბარი.
როგორც დოკუმენტშია მითითებული, საერთაშორისო აუდიტორები (PricewaterhouseCoopers) დარწმუნდნენ, რომ ჯარიმა სწორად იყო აღრიცხული. „შევთანხმდით მის გადახდაზე, რაც 12 მარტს განხორციელდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
წლიური ანგარიშის მიხედვით, 2008 წლის ტრანზაქციების შესწავლის შედეგი ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 19 ნოემბერს გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ ისინი ინტერესთა კონფლიქტის ნორმებს ეწინააღმდეგებოდა. „თიბისი ბანკის“ ცნობით, ამის შემდეგ რიგი ნაბიჯები გადაიდგა საანგარიშო წლების დოკუმენტაციის შესწავლისთვის.
„თიბისი ბანკის“ წლიური ანგარიშის ნაწილია მამუკა ხაზარაძის ოფიციალური მიმართვა, რომელიც 2 აპრილითაა დათარიღებული. აღსანიშნავია, რომ სწორედ გუშინ (2 აპრილს) მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო უკვე ოფიციალურად დატოვეს.
ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ მიმართ განხორციელებულ საზედამხედველო ღონისძიებებზე, სადაც ჯარიმის დაკისრების საკითხზეც არის საუბარი, განმარტება მიმდინარე წლის თებერვალში გამოაქვეყნა.