„თი ემ პროფერთის“ მეწილე სოსო მგელაძე აცხადებს, რომ ფართი, რომელშიც ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით ჩხრეკა ჩატარდა, სხვა კომპანიაზე ჰქონდათ გაქირავებული
„თი ემ პროფერთის“ მეწილე სოსო მგელაძე აცხადებს, რომ ფართი, რომელშიც ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით ჩხრეკა ჩატარდა, სხვა კომპანიაზე ჰქონდათ გაქირავებული

კომპანია „თი ემ პროფერთის“ მეწილე სოსო მგელაძე აცხადებს, რომ ფართი, რომელშიც ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით ჩხრეკა ჩატარდა, სხვა კომპანიაზე ჰქონდათ გაქირავებული.

როგორც მგელაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი კომპანიის კუთვნილ და სხვა კომპანიაზე გაქირავებულ ფართში ჩხრეკის შესახებ გუშინ შეიტყო. მისივე თქმით, გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

„პირველ რიგში, ილია ჭავჭავაძის #37-ში მდებარე კომპანია „თი ემ პროფერთის“ წილი მეკუთვნის მე, სოსო მგელაძეს. ფართი შევიძინე დაახლოებით ორი წლის წინ და გავაქირავეთ კომპანია „ბი ჯი თიზე“. ჩვენი ინფორმაციით და კონტრაქტის მიხედვით, კომპანია საქმიანობს ონლაინმარკეტინგისა და აიტი მომსახურების სფეროში. კომპანიაში ჩხრეკის შესახებ მე გავიგე გუშინ, არ ვიმყოფებოდი საქართველოში და როგორც კი ინფორმაცია მივიღე, დავბრუნდი საქართველოში, რადგან მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან. ჯერჯერობით არ ვარ დაბარებული დაკითხვაზე და ჩემს მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების საფუძველი არ არსებობს. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემს არც ერთ კომპანიას არანაირი კავშირი არ აქვს ქოლცენტრებთან“, – განაცხადა მგელაძემ.

რაც შეეხება დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, სოსო მგელაძემ განაცხადა, რომ კეზერაშვილი მისი კურსელია და პირველი კურსიდან მეგობრობენ.

„ნამდვილად ვიყავი მის საინვესტიციო ჯგუფში. არ ვიცი, მისი იყო თუ არა, მაგრამ ნამდვილად იყო დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. კომპანიაში ვიყავი დირექტორი და ანგარიშვალდებული ვიყავი. დღეს პარტნიორული ურთიერთობა დავით კეზერაშვილთან არ მაქვს, მაგრამ არასოდეს უარვყოფ მასთან მეგობრობას, ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ ბევრ მაღალჩინოსანთან“, – აღნიშნა მგელაძემ.

სოსო მგელაძე კომპანია „თი ემ პროფერთის“ 50-პროცენტიანი წილის მფლობელია. სწორედ აღნიშნული კომპანიის მფლობელობაში არსებულ ფართში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით.

საქართველოს პროკურატურამ, შვიდი ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობით, სამი ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა.