The Telegraph - პანდემიის წინააღმდეგ ქველმოქმედთა სიაში ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მსხვილი დონორია
ბიძინა ივანიშვილი, ქართველი ბიზნესმენი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში, COVID-19-თან ბრძოლაში სულ მოსახლეზე მსოფლიოში წამყვანი დონორია, – ამის შესახებ სტატიაში სათაურით „ყოფილი ქარხნის მუშა დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“ გამოცემა The Telegraph წერს.
ავტორი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა 30 მილიონი დოლარის ოდენობის შეწირულობა გაიღო.
„მსოფლიოს ზოგიერთი ფილანთროპის მიერ ექვს და შვიდნიშნა შეწირულობის მიუხედავად, სულ მოსახლეზე შეფარდებით კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი არის მილიარდერი, რომლის შესახებ თქვენ, ალბათ, არც კი გსმენიათ. ქართველი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012-2013 წლებში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იყო, COVID-19-თან ბრძოლაში ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში წამყვანი დონორია, პანდემიის დროს გაცემული შემოწირულობების ახალი სიის მიხედვით. 64 წლის მაგნატმა, რომლის ქონება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს შეადგენს, 30 მილიონი დოლარის ოდენობის შეწირულობა გაიღო, რაც 3,9 მილიონიანი მოსახლეობის ქვეყნაში სულ მოსახლეზე 7.51 დოლარს შეადგენს“, – წერს სტატიის ავტორი, გამოცემის ასოცირებული რედაქტორი კამილა ტომინეი.
ავტორის თქმით, ხსენებულ სიაში, CIA World Factbook-ის ერთ სულ მოსახლეზე გათვლებისა და შენატანების შესახებ Forbes-ის მონაცემების თანახმად, მეორე ადგილზეა ავსტრალიელი ბიზნესმენი ენდრიუ ფორესტი, მეტსახელად Twiggy, რომელმაც გაიღო 25,5 მილიონი დოლარი, ანუ 3,93 დოლარი სულ მოსახლეზე. მესამე ადგილზეა Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი, რომლის მილიარდი დოლარის ოდენობის შენატანი აშშ-ის სულ მოსახლეზე 3,01 დოლარია.
„Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი და მისი მეუღლე მელინდა, რომელთა შენატანი 255 მილიონ დოლარს შეადგენს, სიაში მეცხრე ადგილზე არიან. მას მოჰყვება Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი და ტექნოლოგიური კომპანიის Dell Inc მფლობელი მაიკლ დელი (100-100 მილიონი დოლარი).
ყველაზე მსხვილი დონორების სიაში მხოლოდ ორი ბრიტანელია: Bet365-ის დამფუძნებელი დენის კოუტსი (12,6 მილიონი დოლარი) და ვესტმინსტერის ჰერცოგი (15 მილიონი გირვანქა სტერლინგი). ქალები სიაში წარმოდგენილნი არიან მხოლოდ ლინ შუსტერმანითა და მისი ქალიშვილი – სტეისით, რომლებიც როტშილდის დინასტიის შთამომავლები არიან და ამჟამად ხელმძღვანელობენ ნავთობისა და გაზის კომპანიას Samson Energy“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც ავტორი აღნიშნავს, ისინი არიან მილიარდერები, რომლებმაც ქონების ტოლფასი სახსრები გაიღეს მსოფლიოში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად.
როგორც სტატიაში არის აღნიშნული, „ბიძინა ივანიშვილი ოთხი შვილის მამაა, მისი ერთ-ერთი შვილი – ბერა საქართველოში ცნობილი რეპერია. მან ქონება რუსეთში პრივატიზების პერიოდში ბიზნესების შესყიდვისა და შემდეგ დიდი მოგებით გაყიდვის შედეგად დააგროვა“.
„ბიძინა ივანიშვილი თავისი ქველმოქმედებით ათწლეულების განმავლობაში მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოსა და ინსტიტუტებს და ასევე უზარმაზარ დახმარებას უწევს საქართველოს კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მხრივ, გამონაკლისს არ წარმოადგენს. ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა უდიდესი მხარდაჭერა და თანაგრძნობა ქართველი თანამოქალაქეების მიმართ საერთო საფრთხის წინაშე“, – განუცხადა გამოცემა „ტელეგრაფს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.