THE HILL - მაიკ პომპეო და უცხოელი პარტნიორები გმობენ რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერთავდასხმას საქართველოზე
THE HILL - მაიკ პომპეო და უცხოელი პარტნიორები გმობენ რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერთავდასხმას საქართველოზე

გამოცემა THE HILL წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მსოფლიო ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმა, რომელმაც მთავრობისა და მედია ორგანიზაციების მუშაობა მნიშვნელოვანად შეაფერხა. ოქტომბერში რუსეთის დაზვერვის ოფიცრებმა შეაფერხეს და დააზიანეს სერვერები საქართველო პრეზიდენტის ოფისში, ასევე მართლმსაჯულების სისტემასა და რამდენიმე სამთავრობო მუნიციპალიტეტში, ასევე შეწყვიტეს სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზო არხის მაუწყებლობა.​ პომპეომ თავის განცხადებაში კიბერთავდასხმა შეაფასა, რუსეთის მიერ „განხეთქილების დათესვის, არასტაბილურობის შექმნისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრისკენ მიმართულ ძალისხმევად“.

სტატიის თანახმად, აშშ-მა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგანაც: „კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია ქვეყნების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა დავიცვათ და შევინარჩუნოთ კიბერსივრცეში სახელმწიფოების პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო ჩარჩო“.

პენტაგონის პრესსპიკერმა ასევე გაავრცელა განცხადება: „ეს თავდასხმა არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ რუსეთი მავნებლური ქცევა ძირს უთხრის გამჭვირვალობას, პროგნოზირებადობას, საერთაშორისო წესრიგს და არღვევს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს“.

გაერთიანებული სამეფოს კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა ხუთშაბათს, შეაფასა „ყველაზე მაღალი ალბათობით“, რომ რუსეთი ახორციელებდა ამ შეტევებს და რომ ეს შეტევები იყო „რუსეთის მიერ განხორციელებული გრძელვადიანი კამპანიის ნაწილი საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი და დამამცირებელი ქცევისა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული შეტევა წარმოადგენს „საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას“, აღნიშნული კიბერშეტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. „საქართველო აგრძელებს და მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რათა მომავალში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შესაბამისი რისკები და პოტენციური საფრთხეები“, – განაცხადა სამინისტრომ.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ თავდასხმები საქართველოზე „სრულიად მიუღებელია“ და პირობა დადო, რომ ბრიტანეთის მთავრობა გააგრძელებს რუსეთის აგრესიის გამოვლენას კიბერსივრცეში.

„რუსეთის მთავრობას აქვს მკაფიო არჩევანი: გააგრძელოს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში ქცევის ეს აგრესიული ფორმა, ან გახდეს პასუხისმგებელი პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს“, – განაცხადა რააბმა.

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მსოფლიოს მთელი რიგი სხვა ქვეყნებიც გმობენ რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ კიბერშეტევას – მათ შორის არიან ავსტრალიის, დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ლიტვის, ჩეხეთისა და ესტონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები. ავსტრალიის მთავრობა, რომელიც სადაზვერვო ალიანსი „ხუთი თვალის“ პარტნიორია აშშ-ის და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად მტკიცედ აცხადებს, რომ რუსეთის კიბერთავდასხმებს შესაბამისი, მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„ჩვენ არ გავდგებით განზე, როდესაც რუსეთი კიბერსივრცეს იყენებს დემოკრატიის დესტაბილიზაციის, ინსტიტუტების ჩახშობის ან კრიტიკული ინფრასტრუქტურისათვის ზიანის მისაყენებლად“, – ნათქვამია ავსტრალიის მთავრობაში განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ უარყო ბრალდებები რუსეთის მიმართ და ქვეყნის მთავრობის მიერ დაფინანსებულ საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს განუცხადა: „რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში“.

„დიდი ხანია, რუსეთი განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში საგარეო საფრთხე კიბერსივრცეში და წარსულში აწარმოებდა საქართველოს წინააღმდეგ თავდასხმებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია 2008 წელი, ორ ქვეყანას შორის ომის დროს საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდი გახდა რუსეთის სამიზნე და გარკვეული დროის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა.

მოსკოვმა აგრეთვე განახორციელა თანმიმდევრული კიბერთავდასხმები უკრაინის მიმართ 2016 წელს და სცადა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, რასაც ადასტურებს აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები და ყოფილი მრეჩვლის, რობერტ მიულერის მოხსენება.