თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე საკანალიზაციო მილების სარეაბილიტაციო სამუშაოებისას დიდი ორმო წარმოიქმნა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მიწა ოთხი დღის წინ ჩაიშალა. ისინი სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებასა და გზის საფარის დაზიანებას აპროტესტებენ.
როგორც საქართველოს პირველ არხს რამდენიმე ადგილობრივმა განუცხადა, არსებული ვითარება არასწორად ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია. ისინი იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ, ვინც სამუშაოებზეა პასუხისმგებელი. ამასთან, საქმის მწარმოებელი კომპანიის შეცვლას ითხოვენ.
თევდორე მღვდლის ქუჩის პირველიდან ათი ნომრის ჩათვლით საკანალიზაციო მილების სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კონტრაქტორი კომპანია ოთხი თვეა, აწარმოებს.