თეთრმა სახლმა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, 19 რუსი ოლიგარქისა და მათი ოჯახების წევრების წინააღმდეგ სანქციები დააწესა
თეთრმა სახლმა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის,19 რუსი ოლიგარქისა და მათი ოჯახების წევრების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შავ სიაში მოხვდნენ ძმები რიტენბერგები, ევგენი პრიგოჟინი, ალიშერ უსმანოვი, სერგეი ჩემაზოვი და სხვები.
„დღეს აშშ, მოკავშირეებთან ერთად, განაგრძობს სანქციების დაწესებას რუსეთის ელიტის წარმომადგენელთა და მათი ოჯახების წევრების წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე მისი ბრუტალური შეჭრის მიუხედავად. ამ ადამიანებმა სიმდიდრე მოიხვეჭეს რუსი ხალხის ხარჯზე და ზოგიერთმა მათგანმა ნათესავები მაღალ თანამდებობებზე დანიშნა. სხვები კი მართავენ მსხვილ რუსულ კომპანიებს და პასუხისმგებლები არიან რესურსების მიწოდებაზე, რაც საჭიროა პუტინის უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
თეთრი სახლის განცხადებით, შავ სიაში შეყვანილ პირებს აშშ-ის ფინანსური სისტემიდან გათიშავენ, მათი ქონება დაყადაღდება, ნაწილს კი ვიზებს გაუუქმებენ.