თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპის გამოსამშვიდობებელი მიმართვიდან ნაწყვეტები გამოაქვეყნა - „ვლოცულობთ ახალი ადმინისტრაციის წარმატებისთვის“
თეთრმა სახლმა მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსამშვიდობებელი მიმართვიდან ნაწყვეტები გამოაქვეყნა. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას წარმატებას უსურვებს.
„მიმდინარე კვირას ჩვენ ახალი ადმინისტრაცის ინაუგურაციას ჩავატარებთ და ვლოცულობთ მათი წარმატებისთვის ამერიკის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი გამოსამშვიდობებელ მიმართვაში.
ჩანაწერში დონალდ ტრამპი მისი ადმინისტრაციის მიღწევებზეც საუბრობს.
„ჩვენ გავაკეთეთ, რისთვისაც მოვედით და ამაზე ბევრად მეტიც“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.
რესპუბლიკელი პრეზიდენტი ასევე შეეხო 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც მისი მომხრეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. მისი თქმით, ყველა ამერიკელი შეშფოთებული იყო კაპიტოლიუმზე თავდასხმით.
„პოლიტიკური ძალადობა არის თავდასხმა ყველაფერზე, რაც ძვირფასია ჩვენთვის, როგორც ამერიკელებისთვის. ამას არასდროს შევეგუებით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ახლა მზად არის, ხელისუფლება ახალ ადმინისტრაციას გადასცეს.
„მსურს, იცოდეთ, რომ მოძრაობა, რომელსაც საფუძველი ჩავუყარეთ, მხოლოდ იწყება“, – აღნიშნავს ტრამპი.
20 იანვარს ვაშინგტონში აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება. დონალდ და მელანია ტრამპები თეთრ სახლს 20 იანვარს დილით დატოვებენ. დონალდ ტრამპი თავისი შემცვლელის ინაუგურაციას არ დაესწრება.