თეთრიწყაროში კორონავირუსით ახალი ინფიცირებული პაციენტი ე.წ. მედიკოსთა კლასტერია
თეთრიწყაროში „კოვიდ-19“-ის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. დაინფიცირებულია 83 წლის ქალი, რომელიც გუშინ გვიან ღამით მარნეულის „ჯეოჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. ის ცნობილი ე.წ. მედიკოსთა კლასტერს განეკუთვნება და ერთ-ერთი ინფიცირებული ექთნის მეზობელია.
დღეს იგეგმება თეთრიწყაროდან თვითიზოლაციაში მყოფი 90 ადამიანის მკაცრ საკარანტინო სივრცეებში გადაყვანა. მათ შორის როგორც რაიონული ცენტრიდან, ასევე სოფლებიდან: გოლთეთიდან, წინწყაროდან და ჯორჯიაშვილიდან.
გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა თეთრიწყაროში ქუჩების მასიური დეზინფექციის სამუშაოები. პროცესში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.