თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის შესამოწმებელი ტესტები ლიმიტირებულია
თეთრი სახლი აცხადებს, რომ დაინფიცირების ზრდის შემთხვევაში, აშშ-ს ახალი ტიპის კორონავირუსის შესამოწმებელი ტესტები შესაძლოა, არ ეყოს. ინფორმაციას „ბიბისი“ (BBC) ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა. მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საჭიროების შემთხვევაში კვირის ბოლომდე კორონავირუსის მილიონზე მეტ ტესტს ვერ ჩაატარებს.
ამის პარალელურად, აშშ-ის სენატმა კორონავირუსთან საბრძოლველად 8,3 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ახლა დოკუმენტი ხელმოწერისთვის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეცემა. საერთო თანხიდან სამ მილიარდზე მეტი ვაქცინის შემუშავებისთვის არის გათვალისწინებული, 2,2 მილიარდი დოლარი კი, დაავადების გავრცელების პრევენციის ზომებზე დაიხარჯება.
ეს უმსხვილესი ფინანსური პაკეტია, რომელიც აშშ-ის კონგრესს ჯანდაცვის სფეროში კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად დაუმტკიცებია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ტიპის კორონავირუსის 200-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულთა რაოდენობა კი 12-ია.