თეთრი სახლის წარმომადგენელი - მუდმივ დისკუსიაში ვართ უკრაინასთან, როგორ დავეხმაროთ მათ უსაფრთხოების დაცვაში, მაგრამ არ არსებობს კონკრეტული დეტალები უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლებზეც ახლა შემიძლია, ვისაუბრო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ აპირებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც მიგვიყვანს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორმა, ქეით ბედინგფილდმა განაცხადა.
თეთრი სახლის წარმომადგენელის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი როცა წყვეტს, რა უნდა გაიგზავნოს უკრაინაში, ორ ფაქტორს ითვალისწინებს.
ბედინგფილდის განცხადებით, პირველი არის სამხედრო შეფასებები იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე ეფექტური და ყველაზე სასარგებლო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.
მისივე განმარტებით, მეორე ფაქტორი კი არის ის, რომ ბაიდენი „არ ესწრაფვის პირდაპირ კონფლიქტს ამერიკის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის“.
ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობა და მასშტაბები უპრეცედენტოა“.
„ჩვენ მუდმივ დისკუსიაში ვართ უკრაინასთან, თუ როგორ დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაში, მაგრამ არ არსებობს კონკრეტული დეტალები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რომლებზეც ამ მომენტში შემიძლია, ვისაუბრო“, – აღნიშნა ქეით ბედინგფილდმა.