თეთრი სახლის წარმომადგენელი - აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვას, მოუწოდებს მთავრობის წარმომადგენლებს, წინ წაწიონ ალიანსში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმები
თეთრი სახლის წარმომადგენელი - აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვას, მოუწოდებს მთავრობის წარმომადგენლებს, წინ წაწიონ ალიანსში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმები

საქართველო ნატო-ს ურყევი პარტნიორია, რომელიც ამერიკელ და ნატო-ს სხვა ქვეყნების ჯარებთან ერთად მსახურობდა, – „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა, შეერთებული შტატები მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, წინ წაწიოს რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ნატო-ში გაწევრიანებისთვის.

„ბაიდენის ადმინისტრაციის საქმიანობის დასაწყისიდანვე მან პრიორიტეტად დაისახა ამერიკის ლიდერობის აღდგენა მსოფლიო ასპარეზზე და ჩვენი ალიანსების აღორძინება, მათ შორის ნატო-ს გაძლიერებით. [ამერიკის] ლიდერობით, ნატო ახლა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ის ათწლეულების განმავლობაში იყო. პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად მოელის ივლისში, ვილნიუსის სამიტზე ამ ერთიანობის ჩვენებას. საქართველო ნატო-ს ურყევი პარტნიორია, რომელიც ამერიკელ და ნატო-ს სხვა ქვეყნების ჯარებთან ერთად მსახურობდა.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვას. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას ნატო-სთან მისი თავსებადობის გასამყარებლად და მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, წინ წაწიონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ნატო-ში გაწევრიანებისთვის“, – განუცხადა „ამერიკის ხმას“ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.