თეთრი სახლის ტერიტორიაზე თანამშრომლებსა და სტუმრებს პერსონალური მობილური ტელეფონით სარგებლობა აეკრძალებათ
თეთრი სახლის ტერიტორიაზე თანამშრომლებსა და სტუმრებს პერსონალური მობილური ტელეფონით სარგებლობა აეკრძალებათ. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, სარა სანდერსის ინფორმაციით, ეს ბრძანება ძალაში მომავალი კვირიდან შევა.
„თეთრი სახლის ტექნოლოგიური სისტემის უსაფრთხოება მოქმედი ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ მომავალი კვირიდან თეთრი სახლის ტერიტორიაზე პირადი მობილური ტელეფონის გამოყენება აკრძალული იქნება“, – განაცხადა სარა სანდერსმა.
მისი თქმით, თეთრი სახლის თანამშრომლებს მომავალი კვირიდან სამთავრობო ქსელში ჩართული მობილური ტელეფონები დაურიგდებათ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მობილური ტელეფონებით მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა შეუძლებელია.
საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, პირადი მობილური ტელეფონების აკრძალვის ინიციატივა თეთრი სახლის აპარატის უფროს ჯონ კელის ეკუთვნის და თეთრი სახლის თანამშრომელთა ნაწილი ამას აპროტესტებს.