თეთრი სახლის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან რადიაციული ფონის მომატება არ ფიქსირდება
„სიენენის“ ინფორმაციით, თეთრი სახლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან რადიაციული ფონის მომატებას არ აფიქსირებს. ამის შესახებ განცხადება თეთრ სახლში მას შემდეგ გააკეთეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ტელეფონით დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„ბაიდენი შეუერთდა ზელენსკის რუსეთისადმი მოწოდებაში, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები ატომური სადგურის სიახლოვეს და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ადგილზე მუშაობის საშუალება მიეცეთ“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საბრძოლო მოქმედებები სადგურის სიახლოვეს შეწყდა. ანდრეი ტუზის თქმით, სადგურს კრიტიკული ხასიათის დაზიანება არ მიუღია.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინისთვის საჭირო ელექტროენერგიის 20%-ს გამოიმუშავებს.
ამასთან, უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლი კვლავ უკიდია ელექტროსადგურის სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის შენობას. ოკუპანტები ადგილზე მეხანძრეებს არ უშვებენ.
მათივე ინფორმაციით, ელექტროსადგურის ექვსი ბლოკიდან მხოლოდ ერთი მუშაობს. სადგურის ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობა ნორმაშია.