აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში ვიზიტს არ გეგმავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
„პრეზიდენტს არ აქვს წასვლის გეგმები. ნება მიბოძეთ, უბრალოდ დავადასტურო ეს“, – განუცახდა თეთრი სახლის წარმოამგენელმა მედიას.
ჯენ ფსაკიმ ასევე განაცხადა, რომ თუ ვინმე აშშ-ის ადმინისტრაციიდან გაემგზავრება უკრაინაში, უსაფრთხოების მიზნით არ გასაჯაროვდება წინასწარ, ვინ იქნება ეს და როდის შედგება ვიზიტი. ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ კიევში აშშ-ის საელჩოს მუშაობის განახლების იმედი არის, თუმცა მას ვადები არ დაუსახელებია.
„უპირობოდ, ეს არის ჩვენი მიზანი. აშკარაა, რომ ადგილზე დიპლომატიური წარმომადგენლობა მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ფსაკიმ.
გასულ კვირას, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხად, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში წასასვლელად მზად არის. თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ განიხილება უკრაინაში მაღალი რანგის ჩინოსნის გაგზავნა, შესაძლოა, ეს იყოს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ან თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.
კვირას ტელეკომპანია „სიენენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ უკრაინაში ბაიდენი ვიზიტს ელოდება.
„ვფიქრობ, ის ჩამოვა – ეს, რა თქმა უნდა, მისი გადაწყვეტილებაა, და ეს დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების სიტუაციაზე. თუმცა მიმაჩნია, რომ ის აშშ-ის ლიდერია და სწორედ ამიტომ, ის უნდა ჩამოვიდეს აქ, რომ ნახოს,“ – განაცხადა ზელენსკიმ.