თეთრი სახლის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენი 8 ივნისს საფრანგეთში ჩავა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით 8 ივნისს საფრანგეთში გაემგზავრება.
ჯო ბაიდენს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უმასპინძლებს.
შეერთებულ შტატებში საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეები განიხილავენ „თავიანთ ურყევ და მდგრად მხარდაჭერას უკრაინის მიმართ“ ნატო-სა და დიდი შვიდეულის სამიტების წინ.
„საუბარი ასევე შეეხება ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ეკონომიკურ და ბირთვულ საკითხებში. ბოლოს, ისინი განიხილავენ ერთობლივ ქმედებებს გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, განსაკუთრებით კლიმატის საგანგებო მდგომარეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს თეთრი სახლიც. როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტი ასახავს გრძელვადიან და ყოვლისმომცველ ურთიერთობას შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს შორის.