თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა ევროპელ ლიდერებს ვლადიმერ პუტინთან განხილულ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა
რუსეთის პრეზიდენტთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა ევროპელ ლიდერებს და მათ ვლადიმერ პუტინთან განხილულ საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, საუბრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა და ევროპელმა მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ასევე ისაუბრეს რუსეთის მხრიდან დეესკალაციის აუცილებლობაზე.
თეთრი სახლის ცნობით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მათი წარმომადგენლები აქტიურ კონტაქტზე იქნებიან ერთმანეთთან, ასევე, ნატო-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ევროკავშირიდან ერთად.