თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპს, რომელსაც პენსილვანიის შტატში საარჩევნო მიტინგზე ესროლეს.
თეთრი სახლი ბაიდენისა და ტრამპის საუბრის შინაარსს არ ავრცელებს. ბაიდენი ასევე ესაუბრა პენსილვანიის გუბერნატორს და ქალაქ ბატლერის მერს, სადაც ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა.
„დღეს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაშინგტონში ბრუნდება. ხვალ, დილით თეთრ სახლში ის მიიღებს განახლებულ ინფორმაციას აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტისგან და სამართალდამცავი უწყებების ოფიციალური პირებისგან“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელსაც „სიენენი“ ავრცელებს.
პენსილვანიაში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლა იყო, რა დროსაც დონალდ ტრამპი დაშავდა. მოგვიანებით, ტრამპის სპიკერმა, სტივენ ჩეუნგმა განაცხადა, რომ ტრამპი თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადის შემოწმებას. ამასთან, „სიენენმა“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირი, რომელმაც პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე ისროლა, განეიტრალებულია. სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების ცნობითვე, ტრამპის მხარდამჭერთა მიტინგზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულია მიტინგზე მყოფი ერთი ადამიანი, კიდევ ერთი პირი კი მძიმე მდგომარეობაშია.