თეთრი სახლი - სირიაზე სამხედრო იერიშის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის
თეთრი სახლი - სირიაზე სამხედრო იერიშის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის

თეთრი სახლის პრესსპიკერის, სარა სანდერსის თქმით, სირიაზე სამხედრო იერიშების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

მისი განმარტებით, აშშ-ის პრეზიდენტს მოვლენების განვითარების რამდენიმე ვერსია აქვს და ის მხოლოდ სამხედრო მოქმედებებს არ განიხილავს.

სანდერსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტრამპი სირიასა და რუსეთს ქიმიური იარაღით თავდასხმაში დამნაშავედ მიიჩნევს და არ ფიქრობს, რომ მისმა განცხადებამ დამატებითი პრობლემა წარმოშვა.

იმ ფონზე, როცა აშშ აცხადებს, რომ სირიაში მომხდარ თავდასხმაზე რეაგირების სამოქმედო გეგმის სხვადასხვა ვერსიაზე მსჯელობს, დასავლელი ლიდერები სამხედრო გეგმების განხილვით არიან დაკავებული.

„პრეზიდენტი სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს და ჯერჯერობით ყველა ვერსია განიხილება. ამ დროისთვის, რამე კონკრეტული სამოქმედო გეგმა გამოკვეთილი არ არის“, – განაცხადა სარა სანდერსმა.

დღეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბება, კაბინეტის სხდომა მოიწვია დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმაც.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში რუსეთის მისამართით გამაფრთხილებელი პოსტი გუშინ გამოაქვეყნა.

„რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ყველა რაკეტას ჩამოაგდებს და გაანადგურებს. მოემზადე, რუსეთო, რადგან ისინი მოდიან, შესანიშნავები, ახლები და „ჭკვიანები“. თქვენ არ უნდა იყოთ გაზით გამგუდავი მხეცის პარტნიორები, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ხოცავს და ეს სიამოვნებს “, – დაწერა დონალდ ტრამპმა.