თეთრი სახლი საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანის წარდგენის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს
აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი წარადგინა, – ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
„ქალბატონი დეგნანი არის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც ამჟამად ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად მსახურობს. ამ პოზიციის დაკავებამდე, კელი დეგნანი მუშაობდა აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ იტალიაში, აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ კოსოვოში. 25-წლიანი კარიერის განმავლობაში კელი დეგნანი საქმიანობდა პოლიტიკურ მრჩევლად ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენლობაში, უფროსი სამოქალაქო წარმომადგენლის პოზიციაზე ავღანეთში, სალერნოს ბრიგადის საბრძოლო ჯგუფში და თურქეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. კელი დეგნანი იყო სახელმწიფო მდივნისა და პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის სპეციალური მოადგილე. მას მიღებული აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი ნორსვესტერნის უნივერსიტეტში და სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. კელი დეგნანი არის სახელმწიფო მდივნის ESA ჯილდოს მფლობელი და საუბრობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებზე“, – აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.
ტრამპის წარდგენის შემდეგ, კელი დეგნანის კანდიდატურას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განიხილავენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი გასული წლის გაზაფხულიდან არ ჰყავს. ამ თანამდებობას იან კელი იკავებდა, რომელმაც მუშაობა აღნიშნულ პოსტზე შარშან გაზაფხულზე დაასრულა. ამჟამად საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.