თეთრი სახლი რუსეთისა და ბაშარ ასადის ძალებისგან დამასკოს მახლობლად, აღმოსავლეთ ღუტაზე იერიშის შეწყვეტას ითხოვს
თეთრი სახლი რუსეთისა და ბაშარ ასადის ძალებისგან დამასკოს მახლობლად მდებარე აღმოსავლეთ ღუტაზე იერიშის შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღების არაერთგზის გაჭიანურების გამო, რუსეთმა გააგრძელა რეზოლუციის პირობების უგულვებელყოფა და უდანაშაულო მშვიდობიანი მცხოვრებლების მკვლელობა კონტრტერორისტული ოპერაციების საბაბით“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აღმოსავლეთ ღუტაში შექმნილი ვითარება 2016 წელს ალეპოს დაბომბვას შეადარა.
ვაშინგტონის მონაცემებით, 24-28 თებერვლის პერიოდში ხმეიმის ავიაბაზიდან რუსული თვითმფრინავები ყოველდღიურად საშუალოდ 20 საბრძოლო ფრენას ახორციელებდნენ აღმოსავლეთ ღუტას დასაბომბად.
“ასადის რეჟიმმა და მისმა მოკავშირეებმა მოსკოვსა და თეირანში უნდა შეასრულონ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია და შეწყვიტონ აღმოსავლეთ ღუტასა და მის შემოგარენში საბრძოლო მოქმედებები”, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
ამბოხბეულების მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ ღუტა 2013 წლიდან სირიის სამთავრობო ძალებს ალყაში აქვთ მოქცეული. 18 თებერვლიდან აღმოსავლეთ ღუტაზე ინტენსიური ავიდარტყმები ხორციელდება. გაერო-ს მონაცემები, სამხედრო მოქმედებების ამ პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 600 ადამიანი ემსხვერპლა, ორი ათასზე მეტი კი დაშავდა. სულ რეგიონში 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.
24 თებერვალს გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია სირიაში 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადების შესახებ. რეზოლუციის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ტერორისტულ დაჯგუფებებზე არ ვრცელდება.