თეთრი სახლი - პრეზიდენტმა ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან საუბრისას ნათლად განაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, აშშ და ჩვენი პარტნიორები ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ რუსეთს
თეთრი სახლი ჯო ბაიდენისა და რუსეთის ვლადიმერ პუტინის ვიდეოფორმატში გამართული შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბარი გამართა, რათა განეხილა აშშ-რუსეთის დღის წესრიგში არსებული რამდენიმე საკითხი.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ის და ევროპელი მოკავშირეების სახელით, ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის გარშემო ძალების ესკალაციის გამო და ნათლად განაცხადა, რომ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, აშშ და ჩვენი პარტნიორები ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ რუსეთს. პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა და რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიისკენ დაბრუნებისკენ მოუწოდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ და ასევე ისაუბრეს რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივ მუშაობაზე, როგორიცაა მაგალითად ირანი“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.