თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა კამალა ჰარისთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან შეხვედრაზე ირანის ისრაელზე თავდასხმის საკითხი განიხილა
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან და მათი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან შეხვედრა გამართა, რათა განეხილათ იმ დროისთვის ირანის მოსალოდნელი თავდასხმა ისრაელზე.
თეთრი სახლის განცხადება გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
„მათ განიხილეს აშშ-ს მზადყოფნის სტატუსი ისრაელის დასახმარებლად ამ თავდასხმებისგან თავდაცვაში, ასევე რეგიონში აშშ-ს პერსონალის დასაცავად“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ცნობისთვის, ირანი ადასტურებს, რომ ისრაელზე სარაკეტო შეტევა დაიწყო. ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს და ისრაელის საპასუხო ქმედებების შემთხვევაში, თეირანის რეაგირება უფრო გამანადგურებელი იქნება.