თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა და კატარის ემირმა ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და კატარის ემირმა ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს.
როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ჯო ბაიდენი ესაუბრა კატარის ემირს, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ თანის ღაზაში განვითარებულ მოვლენებზე და მათ მცდელობებზე, რათა უზრუნველყონ „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლება.
„ბაიდენმა დაგმო „ჰამასის“ მიერ მძევლების დაკავება, მათ შორის ბევრი მცირეწლოვანის, რომელთაგან ერთი სამი წლის ბავშვი აშშ-ის მოქალაქეა, რომლის მშობლებიც 7 ოქტომბერს დახოცეს. ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ ყველა მძევალი უნდა გაათავისუფლონ შემდგომი შეფერხების გარეშე“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
როგორც „როიტერი“ წერს, თეთრი სახლის განცხადებაში არ არის ნახსენები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რაიმე ტიპის განხილვა, ნათქვამია, რომ ლიდერებმა ისაუბრეს „უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობასა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მცდელობებზე”.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიდერები შეთანხმდნენ, გააგრძელონ ძალისხმევა, რათა შექმნან უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო, აყვავებული და სტაბილური ახლო აღმოსავლეთის რეგიონი.