თეთრი სახლი - ჯო ბაიდენი ურსულა ფონ დერ ლაიენს ტელეფონით ესაუბრა და ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ურსულა ფონ დერ ლაიენს ტელეფონით ესაუბრა და მას ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
„ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება აშშ-ევროკავშირის ძლიერი ურთიერთობებისა და უდიდესი გლობალური გამოწვევების ერთად გადალახვის მიმართ. მათ ასევე განიხილეს უკრაინის მხარდაჭერა და ძალისხმევა, რომელიც მიმართულია აგრესიისთვის რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაიდენს მილოცვისთვის.
„ევროკავშირი და აშშ არიან პარტნიორები, მეგობრები და მოკავშირეები. ჩვენ ვდგავართ საერთო გამოწვევების წინაშე – ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ინდო-წყნარ ოკეანეში“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით დანიშვნას 18 ივლისს დაუჭირა მხარი.