თეთრი სახლი - ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდება, რათა ირანის მიერ ისრაელზე მიმდინარე დარტყმა განიხილოს
თეთრი სახლი - ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდება, რათა ირანის მიერ ისრაელზე მიმდინარე დარტყმა განიხილოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდება, რათა განიხილოს ირანის მიერ ისრაელზე მიმდინარე დარტყმა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

„მისი გუნდი მუდმივ კომუნიკაციაშია ისრაელის ოფიციალურ პირებთან, ასევე სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან. ეს თავდასხმა, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში განვითარდება. ბაიდენმა მკაფიოდ თქვა: ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ არის რკინისებრი. აშშ დადგება ისრაელის ხალხის გვერდით და მხარს დაუჭერს მათ დაცვას ირანისგან მომდინარე ამ საფრთხეებისგან“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ისრაელამდე მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება. მოგვიანებით, ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების მეორე ტალღა გაუშვა.