თეთრი სახლი ილონ მასკს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს
თეთრი სახლი ამერიკელ მილიარდერს, ილონ მასკს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.
ილონ მასკმა სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა: „და არავინ ცდილობს ბაიდენ-ჰარისის მკვლელობას“.
მოგვიანებით მასკმა პოსტი წაშალა და თქვა, რომ ეს ხუმრობა იყო, რომელიც ვერავინ გაიგო.
„არავინ არც კი ცდილობს ამის გაკეთებას, აი, ამის თქმა მინდოდა და არც არავინ გააკეთებს. გამოდის, რომ ხუმრობები გაცილებით ნაკლებად სასაცილოა, თუ ადამიანებმა არ იციან კონტექსტი“, – დაწერა მასკმა მოგვიანებით.
საპასუხოდ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ძალადობა უნდა დაიგმოს და არა მისი წახალისება მოხდეს. თეთრ სახლში ამბობენ, რომ მსგავსი რიტორიკა დიდი უპასუხისმგებლობაა.