თეთრი სახლი - აშშ-ის პრეზიდენტი მხარს უჭერს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მიისწრაფვის ნატო-ს წევრობისკენ
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მიისწრაფვის ნატო-ს წევრობისკენ, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებისთვის გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
„აშშ-ის პრეზიდენტი მხარს უჭერს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მიისწრაფვის უსაფრთხოების ალიანსებში გაწევრიანებისკენ, ნატო-სა და სხვა ალიანსებშიც. ის ასევე უჭერს მხარს უკრაინის მისწრაფებას. ცხადია, არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც მათ მოუწევთ სხვადასხვა საკითხებში, მათ შორის კორუფციის კუთხით, ცხადია, რომ ნატო-ს პარტნიორების და ალიანსის გადასაწყვეტია, როგორ იქნება ეს გზა“, – განაცხადა ფსაკიმ.
პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა უკრაინელ კოლეგას, რა დროსაც ჯო ბაიდენმა დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მან ასევე გააცნო ვლადიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართული მოლაპარაკებების შედეგები.
„ბაიდენმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია რუსეთის სამხედროების კონცენტრაციით უკრაინის საზღვრებთან და მზადაა ხისტი ზომების დაწესებისთვის, თუ რუსეთი სამხედრო ესკალაციას მოახდენს“, – განაცხადა ფსაკიმ.
ჟურნალისტებმა თეთრი სახლის პრესმდივანს კომენტარის გაკეთება სთხოვეს რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელმაც დონბასში მიმდინარე მოვლენები გენოციდს შეადარა, რაზეც ფსაკიმ უპასუხა, რომ რუსეთი ცნობილია მსოფლიოში დეზინფორმაციის გავრცელებით.
„ჩვენ ვიცით, რომ აგრესია რუსეთის მხრიდან მოდის. სამხედროების მობილიზაცია ხდება რუსეთის მხრიდან. არსებობს დიპლომატიური გზა, რაც არის პრეზიდენტ ბაიდენის ამოცანა. თუმცა, ამასთან ერთად, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ სიტუაციის ესკალაციას მოჰყვება ხისტი ზომები, რომლებიც კოორდინირებული იქნება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.