თეთრი სახლი - აშშ-ის დაზვერვას არ გაუკეთებია დასკვნა, რომ რუსულ სპეცსამსახურებს კავშირი აქვთ „ჰავანის სინდრომთან“
თეთრი სახლი - აშშ-ის დაზვერვას არ გაუკეთებია დასკვნა, რომ რუსულ სპეცსამსახურებს კავშირი აქვთ „ჰავანის სინდრომთან“

აშშ-ის დაზვერვას არ გაუკეთებია დასკვნა, რომ რუსულ სპეცსამსახურებს კავშირი აქვთ „ჰავანის სინდრომთან“, – ამის შესახებ პრესბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

თეთრი სახლის წარმომადგენელს კითხვა დაუსვეს ჟურნალისტური გამოძიების შესახებ, რომელიც „ჰავანის სინდრომის“ სახელით ცნობილი ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევების რუსულ სამხედრო დაზვერვასთან, გრუ-სთან კავშირს ეხება.

კარინ ჟან-პიერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტები აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ოფისთან გადაამისამართა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ფრთხილი ვიქნები. დაზვერვას არ გაუკეთებია ეს დასკვნა. აშკარაა, რომ იყო შეფასება, რომელიც დაზვერვამ გააკეთა. ასე რომ, მათ შეფასებასთან დაკავშირებით აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ოფისთან გადაგამისამართებდით, თუმცა რუსეთის შესახებ კონკრეტულ ნაწილს რაც შეეხება, მე ვიცი, რომ მათ ეს დასკვნა არ გაუკეთებიათ“, – განუცხადა კარინ ჟან-პიერმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, „ინსაიდერის“, „სიბიესის“ და „შპიგელის“ ერთწლიანი ჟურნალისტური გამოძიების ავტორები აცხადებენ, რომ „ჰავანის სინდრომთან“ რუსეთის სპეცსამსახურების კავშირი დაადგინეს. „ჰავანის სინდრომი“ ჯერჯერობით ამოუხსნელი მიზეზის მქონე ჯანმრთელობის დაზიანებაა, რომელიც ხასიათდება თავბრუსხვევით, გულისრევით, თავის ტკივილით და სმენასთან დაკავშირებული პრობლემებით. ამ სინდრომზე, წლებია, საუბრობენ ამერიკელი დიპლომატები და სპეცსამსახურების თანამშრომლები. ის პირველად 2016 წელს კუბის დედაქალაქში მდებარე აშშ-ის საელჩოში დაფიქსირდა.