თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ს ჩინეთთან კონფლიქტი არ სურს
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ს ჩინეთთან კონფლიქტი არ სურს

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ს ჩინეთთან კონფლიქტი არ სურს. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ პსაკიმ გააკეთა. მისი თქმით, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ გაფორმებული ახალი შეთანხმება არ არის მიმართული ჩინეთის წინააღმდეგ.

მისივე თქმით, სამი ქვეყნის პარტნიორობა მიზნად ისახავს აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების დაცვას და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას.

„ჩვენ მზად ვართ ხისტი კონკურენციისთვის ჩინეთთან, თუმცა კონფლიქტისკენ არ მივისწრაფვით“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

პსაკიმ ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთის მთავრობა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ ახალი შეთანხმების გაფორმების შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული.

შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ ინდო-წყნარ ოკეანეში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით, ე.წ. უსაფრთხოების პაქტი გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, ავსტრალიას წვდომა ექნება ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიებთან. ამ შეთანხმების გაფორმებას „ზურგში ლახვარის ჩარტყმა“ უწოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჟან-ივ ლე დრიანის თქმით, „ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპივით მოიქცა“. საფრანგეთს ავსტრალიასთან წყალქვეშა ნავების მიწოდების შესახებ 40 მილიარდ დოლარად შეფასებული შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული.