თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების 96 პროცენტი დახარჯულია
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების 96 პროცენტი დახარჯულია. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯონ კირბი ავრცელებს. მისი თქმით, საუბარია 60 მილიარდ დოლარზე, რომელიც გამოყოფილი იყო როგორც სამხედრო, ისე ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
კირბის განმარტებით, მხოლოდ სამხედრო დახმარებაზე გამოყოფილი სახსრებიდან 90 პროცენტი უკვე დახარჯულია.
„თავდაცვის დეპარტამენტს დარჩა დაახლოებით 1,1 მილიარდი დოლარი, რაც ზამთრის მარაგის შევსებაზე უნდა დაიხარჯოს. ასე რომ, ასაფრენი ბილიკი დამოკლდა და ჩვენ გვჭირდება დამატებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება“, – განაცხადა კირბიმ, რაშიც ის კონგრესში გადაგზავნილი ახალი სამხედრო პაკეტის დამტკიცების საჭიროებას გულისხმობდა.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს სთხოვს, უკრაინისთვის დახმარების სახით კიდევ 61,4 მილიარდი დოლარი გამოყონ. ბაიდენის ინიციატივით, ეს თანხა არის უფრო დიდი მხარდაჭერის პაკეტის ნაწილი, რომელიც, უკრაინასთან ერთად, ისრაელისა და ტაივანის სამხედრო დახმარებას აერთიანებს, ასევე ამავე პაკეტში გათვალისწინებულია თანხა აშშ-ის და მექსიკის საზღვრის დაცვის გაძლიერებისა და ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დაჟინებით ითხოვს, რომ ისრაელის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი განცალკევებით იყოს წარმოდგენილი. ბაიდენი კი აცხადებს, რომ თუ პაკეტში უკრაინის მხარდაჭერა არ იქნება გათვალისწინებული, ის ვეტოს უფლებას გამოიყენებს.