თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთი არ აღმოჩნდა ტრამპის მიერ გამოცხადებული ახალი ტარიფების სიაში, რადგან მათ მიმართ არსებული გადასახადები და სანქციები უკვე ძალიან მაღალია
თეთრ სახლში განმარტეს, თუ რატომ არ შედიან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც ტარიფები დაუწესდათ, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და ბელარუსი.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ რუსეთი არ აღმოჩნდა სიაში, რადგან აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უკვე „გამორიცხავს რამე მნიშვნელოვან ვაჭრობას“. როგორც ლევიტმა აღნიშნა, მათ მიმართ არსებული გადასახადები და სანქციები უკვე „ძალიან მაღალია“. ამასთან, ლევიტის თქმით, რუსეთი, შეიძლება, კვლავ დადგეს „დამატებითი მკაცრი სანქციების“ წინაშე.
როგორც გამოცემა „აქსიოსი“ აღნიშნავს, აშშ-ს კვლავ უფრო მეტი სავაჭრო ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ვიდრე ზოგიერთ ქვეყანასთან, რომლებიც ტრამპის ტარიფების სიაში მოხვდნენ. კერძოდ, სიაში შეიტანეს ისეთი პრაქტიკულად დაუსახლებელი ტერიტორიებიც კი, როგორიცაა ტოკელაუ, სადაც მოსახლეობა 1500 ადამიანია. ამასთან, ლევიტმა განაცხადა, რომ ტრამპმა უკვე დააწესა 25-პროცენტიანი ტარიფები ორივე ქვეყნისთვის, ამიტომ კანადასა და მექსიკას ტრამპის მიერ გამოცხადებული ახალი ტარიფები არ შეეხო.