ლიონის ერთ-ერთ ლიცეუმის დერეფანში პიროტექნიკური საშუალება შეაგდეს, რის შედეგადაც 40-მდე მოსწავლე დაშავდა
ლიონის ერთ-ერთ ლიცეუმში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 40-მდე მოსწავლე დაშავდა. ფრანგული მედიის ცნობით, ინციდენტი ორშაბათს, 23 ნოემბერს, დილის შესვენების დროს მოხდა.
სასწავლო დაწესებულების დერეფანში ანთებული პიროტექნიკური საშუალება შეაგდეს, რასაც ადგილზე პანიკა მოჰყვა. სკოლის დირექტორის მიერ მშობლებისთვის გაგზავნილი შეტყობინების თანახმად, დაახლოებით 40-მა მოსწავლემ სკოლის სამედიცინო პუნქტს მსუბუქი დაზიანებებითა და შოკური მდგომარეობით მიმართა.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ორი ეჭვმიტანილი მოსწავლე დააკავეს.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ლიცეუმის პედაგოგებმა დღის მეორე ნახევარში სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს.
გასულ კვირას ამავე ლიცეუმსა და ლიონის სხვა სასწავლო დაწესებულებებში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ათამდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის სკოლის დირექტორი და მთავარი საგანმანათლებლო მრჩეველი.