თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე მინსკში თვითმფრინავის იძულებით დასმისა და უკრაინის საკითხებს განიხილავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს ბელარუსის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დასმისა და უკრაინის საკითხებს განიხილავს.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თეთრი სახლის პრესპიკერზე, ჯენ ფსაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ ეშინია ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მომენტის გამოყენება, რომ პირისპირ დიპლომატიის დროს ის საკითხები დააყენოს, რაც მას აშფოთებს, გამოიყენოს შესაძლებლობა და იმუშავოს იმ საკითხებზე რაზეც თანხვედრა გვაქვს“, – განაცხადა ფსაკიმ.
მედიის ცნობით, ჯო ბაიდენისა და მისი რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სავარაუდოდ, 15-16 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართება.
23 მაისს, მინსკის მოთხოვნით, ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ ავიალაინერი ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტში დასვეს. ბელარუსელმა დისპეტჩერებმა ირლანდიური ავიაკომპანიის ეკიპაჟს მათ ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეატყობინეს. მინსკში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსელმა სამართალდამცველებმა დამოუკიდებელი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს.