თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანის თავდასხმას ისრაელში მსხვერპლი არ მოჰყოლია
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელში ირანის თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია ირანის ისრაელში თავდასხმის შედეგად მსხვერპლის შესახებ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ სიტუაცია ცვალებადია და შესაძლოა, დეტალები შეიცვალოს.
ჯეიკ სალივანმა ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმა „მნიშვნელოვან ესკალაციად“ შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ შეტევა არაეფექტური აღმოჩნდა. მისივე თქმით, ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 200 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
სალივანის განცხადებით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ყურადღებით აკვირდებოდნენ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს.
სალივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს არ დაუწყია თავისი მოქალაქეების საგანგებო ევაკუაცია.
ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა დღეს განახორციელა. ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ისრაელის თავდაცვის ძალების პირველადი შეფასებით კი, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. ამასთან, როგორც ისრაელში განაცხადეს, ამ ეტაპზე ირანიდან დამატებითი სარაკეტო შეტევის საფრთხე არ არსებობს.